გიორგი ვაშაძე - ნიკა საკანდელიძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ განცხადება დაეწერა და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა
გიორგი ვაშაძე - ნიკა საკანდელიძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ განცხადება დაეწერა და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა საკანდელიძემ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

ვაშაძის განცხადებით, რვა საათის განმავლობაში ნიკა საკანდელიძემ უკანონოდ იყო დაკავებული.

„მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ მას განცხადება დაეწერა და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის ოთხი შვილის მამაა და მას საკუთარი შვილებით ემუქრებოდნენ. ეუბნებოდნენ, შენი შვილები სტადიონზე თამაშობენ და ა.შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არამხოლოდ მასზე, არამედ შვილებზე. საბოლოოდ, მათ აიძულეს ამ რამდენიმესაათიანი ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა „ქართული ოცნების“ ოფისში, სამტრედიაში. შემდგომ, ეს განცხადება, როგორც მას უთხრეს, გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვეძებდით მას და ბოლოს, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე ვიპოვეთ. მან სრულად აღწერა ეს ინფორმაცია. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის „ოცნება“, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიეწოდება.

„ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში, დაკავებას „ოცნების“ იმ შტაბის წევრებისა, რომელიც ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ იმ ადამიანების განთავისუფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს როგორც ჩანს, ერთადერთი პრეცედენტი არაა. ნიკამ გამოიჩინა ვაჟკაცობა და ამ ვაჟკაცობიდან გამომდინარე უკან არ დაიხია, ღიად აპირებს ამ ყველაფერზე საუბარს. ბევრი ადამიანი, ვინც ჩართული იყო არ იცის, მაგრამ ფიზიკურად ამოიცნობს, რადგან მთელი ამ საათების მანძილზე მასზე ტერორი მიდიოდა. სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანის გატაცება, თავისუფლების უკანო აღკვეთა, იძულება, რომ მას განცხადება დაეწერა. ეს ყველაფერი ხდება სამტრედიაში, „ოცნების“ საარჩევნო შტაბში. საწყისი ამის იყო მოკრიმინალო ავტორიტეტები, რომლებმაც ეს პროცესი დაიწყეს. იმ ადგილზე, სადაც „ოცნების“ შტაბია, უამრავი კამერაა, დარწმუნებული ვარ, იმ კამერებზე იქნება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.