გიორგი ვაშაძე - ნაკლებად ვხედავთ საპარლამენტო მუშაობის რაიმე პერსპექტივას, მანდატებს არ დავტოვებთ, რადგან დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება
გიორგი ვაშაძე - ნაკლებად ვხედავთ საპარლამენტო მუშაობის რაიმე პერსპექტივას, მანდატებს არ დავტოვებთ, რადგან დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება

ოპოზიციაში ჯერ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საუბარია უზარმაზარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, საქართველო იქნება ტაგანროგი ან შვეიცარია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში მხოლოდ ერთადერთ საკითხს დავუჭერთ მხარს, ეს არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ ფორმალურადაც დადასტურდეს, „ქართული ოცნება“ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ამაში ოპოზიციონერ კოლეგებს წავყვებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მისი პარტია ნაკლებად ხედავს  საპარლამენტო მუშაობის რაიმე პერსპექტივას, რადგან „ქართულ ოცნებას“ არაფრის გაკეთება არ უნდა“.

„ჩვენ სამი მიმართულება გვექნება. პირველი, მუშაობა სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რომ სექტემბრამდე ნამდვილად დეტალურად დაწერილი გეგმა გვქონდეს. მეორე, მუშაობა საქართველოს მოქალაქეებთან, რადგან მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და „ქართულ ოცნებას“ ვერ ავაღებინებთ ხელს ამ ანტიქართულ ქმედებებსა და შეთქმულებაზე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მესამე, მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე. მერწმუნეთ, ევროპარლამენტარების თუ სხვების განცხადებები შემთხვევითი არ არის, რაც თუნდაც ახლა კეთდება. საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება, როგორც სანქციებზე მუშაობა ასევე მუშაობა იმაზე, რომ კიდევ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ქართველ ხალხს და კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მივიღოთ. მანდატებს არ დავტოვებთ, რადგან დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება. საშემოდგომო სესიისთვის შეიძლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა გვქონდეს. სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით, როცა დრო მოვა აუცილებლად გაიგებთ. ძალიან მკაფიო და კარგად განსაზღვრული გეგმა გვაქვს. გამარჯვება ძალიან ახლოსაა, გაცილებით ახლოს ვიდრე ბევრს ჰგონია“, – განაცხადა ვაშაძემ.