გიორგი ვაშაძე - მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არგუმენტი აღარ დარჩათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით
გიორგი ვაშაძე - მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არგუმენტი აღარ დარჩათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შემდეგ შეხვედრაზე „ქართული ოცნებისგან“ ელოდებიან წინადადებას მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს შეხვედრები არის რეზულტატური, რადგან ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები სხედან, მათი მისიების ხელმძღვანელები, მათ თვალწინ ხდება ამის განხილვა და ისინი არიან მოდერატორები. შეხვედრა კიდევ იქნება, ჩვენ შევთანხმდით. „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით შემდეგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტზე ანუ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით კონკრეტულად უნდა იყოს განხილვა შემდეგ შეხვედრაზე, სადაც მათ უნდა მოგვიტანონ თავისი წინადადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელიც არის არსებული კონსტიტუციის, შერეული სისტემის ფარგლებში იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაც არის ქვეყანაში.

„გერმანული მოდელი შედგება შემდეგი რამისგან: მაჟორიტარული არჩევნებისგან, ოღონდ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნებისგან და დანარჩენი ადგილების, ჯამური ადგილების პროპორციულად გადანაწილებისგან. მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არგუმენტი აღარ დარჩათ და ვერაფერს იტყვიან არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ეს ცალკეული კომპონენტი დიპლომატების მხრიდან იყო შემოთავაზებული იმისთვის, რომ ცალკე განხილულიყო“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართულის ოცნების“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგენენ.

„მე მინდა, მოქალაქეებსაც ავუხსნა: აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევს თითო მაჟორიტარ დეპუტატს. მომავალში ჩვენს, გერმანულ მოდელთან ერთად, ქართულ მოდელში, არის პროპორციული გადანაწილება 150 ადგილის, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება, იქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი, მაგალითად, სამეგრელოში მთლიანად იქნება ერთი ოლქი და შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და ამასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი უკვე თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ, მაგრამ რაც შეეხება სრულად გერმანულ მოდელს, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი რჩება დღის წესრიგში, რადგან ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი გაგზავნილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR).

„ეს არის ის, რის ინიცირებასაც ჩვენ პარლამენტში მოვახდინეთ. ცალკეული კომპონენტი გამოყვეს დიპლომატებმა და მათ შემოგვთავაზეს, სადაც არის წინააღმდეგობა, გადავდოთო ეს საკითხი, სადაც არ არის წინააღმდეგობა, ან ნაკლები წინააღმდეგობაა, ის განვიხილოთ, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის ცალკეული საკითხების განხილვაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.