გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისგან
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისგან

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

„პირველი ღამე მშვიდობიანი გამარჯვების სამოქმედო გეგმით მიდის, იმ სტრატეგიით, რაც გვქონდა შემუშავებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა დღეს, ხვალ და შემდგომ დღეებში. მთავარია, რომ ჩვენ სრულიად კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, მშვიდობიან დემონსტრაციას ვატარებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დღევანდელი ღამე ყოფილიყო მშვიდობიანი. რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, ჩვენ სრულად ვუწყობთ ხელს მათ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პროტესტი გრძელდება, პიკეტირებულია პარლამენტის შენობის შესასვლელები.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რათა ზედმეტი ექსცესებისგან თავი აირიდონ. რაც შეეხება დამლაგებლებს, პოლიციელებს, აპარატის თანამშრომლებს, მათ გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, შევლენ. უბრალოდ პარლამენტის წევრები იმდენად აღიზიანებს საზოგადოებას, რომ სჯობს, თავი შეიკავონ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდებიან.

„დღეს ჩვენ, სრულიად ოპოზიციურ სპექტრს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აბსოლუტურად ყველა ელჩთან, ვინც საქართველოშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ წერილი გავამზადეთ და მივმართავთ ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებს, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მეთაურს, ასევე ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს ხელმძღვანელ ორგანოებს, რათა მიაქციონ ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებას. რომ შევაჯამოთ საბოლოოდ, მოქმედება – საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე აუცილებლად მოვა სისრულეში. ყველა მოთხოვნა, რომლებიც ჩვენ მიერ არის დაყენებული, უნდა შესრულდეს, რათა საქართველომ გააგრძელოს განვითარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიანად მოქმედებენ და იმედი აქვს, პოლიცია ძალას არ გამოიყენებს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა ინსტიტუციის განცხადებამ, იყო ეს სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო დიპლომატიური საზოგადოება და რაც მთავარია, საზოგადოების მოქმედებამ გუშინდელ დღეს, არანაირი საფუძველი არ დაუტოვა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ აგრესიული ქმედება განეხორციელებინა დემონსტრანტებთან მიმართებით. ჩვენ მშვიდად ვმოქმედებთ, ერთი ექსცესიც კი არ ყოფილა ღამის განმავლობაში. იმედი მაქვს, რაციონალური აზრი არის ხელისუფლებაში და პოლიციაზე არ გასცემენ ბრძანებას და არ დააპირისპირებენ ხალხთან. პოლიციაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს და მათაც მივმართავ, უკანონო ბრძანების შესრულება არ არის თქვენი ვალდებულება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.