გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, დაანებეთ თავი „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებას, ღიად და საჯაროდ გამოხატეთ პოზიცია ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, დაანებეთ თავი „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებას, ღიად და საჯაროდ გამოხატეთ პოზიცია ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით

ღიად მოვუწოდებ ბატონ ბაქრაძეს, თუ არ უნდა, საკუთარ დიპლომატიურ კარიერაში გამოუსწორებელი ლაქა ჩაწეროს, თქვას საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით, თქვას, როგორ აფასებს ამას, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ელჩი ამერიკაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით ბაქრაძემ უარი უნდა თქვას გაერო-ში საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებაზე.

„მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, დაანებეთ თავი „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებას, თქვენ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებ ყველას, ღიად და საჯაროდ გამოხატეთ თვენი პოზიცია ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით. ნუ შეგეშინდებათ თანამდებობიდან გათავისუფლების, რადგან თქვენ ქართველი ხალხი, საზოგადოება დაგიფასებთ სამსახურს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.