გიორგი ვაშაძე – მოლაპარაკების გარდა დღეს ალტერნატივა არ გვაქვს, ეს ყველას უნდა გვესმოდეს
წინააღმდეგი ვარ, რომ საერთოდ აღარ შედგეს მოლაპარაკება და თუ ამას ვინმე იტყვის, კატეგორიულად არ გავიზიარებ ამ პოზიციას. მოლაპარაკების გარდა ალტერნატივა არ გვაქვს დღეს, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს დაესწრება.
„გუშინ, სამწუხაროდ, ისეთი განცხადებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომ ამ საკითხის განხილვაც კი ვერ მოხდა ოპოზიციაში. თუ ეს მცდელობაა, რომ პარლამენტში შემოდით, იქ საგამოძიებო კომისიაა და მერე რაღაცას ვიზამთ, ასე ვერ წავა პროცესი, ესეც გვესმის. თუმცა, თეორიულად ხომ დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, რა მექანიზმით და როგორ, ამაზე ვიმსჯელოთ, არ არის პრობლემა. ამიტომ, მივდიოდი მე და ვაპირებ მისვლას შემდგომ რაუნდზე, რომ მოვისმინო, რა ალტერნატივებია. წინააღმდეგი ვარ, რომ საერთოდ აღარ შედგეს მოლაპარაკება და თუ ამას ვინმე იტყვის, კატეგორიულად არ გავიზიარებ ამ პოზიციას. მოლაპარაკების გარდა ალტერნატივა არ გვაქვს დღეს, ეს ყველას უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.