გიორგი ვაშაძე - მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს არჩევნების თარიღის ორი-სამი კვირით გადაწევა, რათა დავასტაბილუროთ ეპიდვითარება
გიორგი ვაშაძე - მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს არჩევნების თარიღის ორი-სამი კვირით გადაწევა, რათა დავასტაბილუროთ ეპიდვითარება

ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა პანდემიის ნორმალური მართვა. როგორც ვაშაძე ამბობს, უნდა იმსჯელონ, ხომ არ არის უმჯობესი, რომ არჩევნების თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწიოს.

„კიდევ 79 გარდაცვლილი, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ამ ფონზე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ. მით უმეტეს მიუღებელია განცხადებები ზოგიერთი არახელისუფლებაში მყოფი ძალის მხრიდან. ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მთავარი მიზანი არ არის. მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანია, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება იმ უგუნური ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანაში გადაიდგა. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე. მით უმეტეს წარმოუდგენელია გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის არგუმენტად მოყვანა. ამავე პერიოდში შარშან რამდენიმე ასეული შემთხვევა გვქონდა და გარდაცვალების მაჩვენებელი კი გაცილებით უკეთესი იყო.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ უნდა შევაგნებინოთ ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა პანდემიის ნორმალური მართვა. ჩვენ მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების ორი-სამი კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად ღირს და არ არის ჩვენთვის საპირწონე იმის, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ. ჯიუტად ვამტკიცოთ და კუნთები ბატიბუტებივით ვაჩვენოთ, ხელი სხვისკენ გავიშვიროთ. ხალხის სიცოცხლე გადასარჩენია. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დავსხდეთ და როგორც სახალხო დამცველმა, ასევე ბევრმა დამოუკიდებელმა პირმა თქვა, დავიწყოთ მსჯელობა არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ჩვენი აქტიურობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

ამ ვითარებაში  წარმოუდგენლად მიმაჩნია არჩევნების კუთხით ორი-სამი კვირა იყოს გადამწყვეტი და ამას ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ. ძალაუფლება არის ხალხისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმემ თანამდებობა დაიკავოს. დროა, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს ორი-სამი კვირით გადაწევა არჩევნების, რათა დავასტაბილუროთ ვითარება, თუნდაც გასული წლის მონაცემებზე დავიდეს პანდემიის პირობები და შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები. აქ იმაზე არ არის საუბარი, ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები, გვეჩქარება თუ არ გვეჩქარება ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.