გიორგი ვაშაძე - მივესალმები „ქართული ოცნების“ მხრიდან აღიარებას, რომ მეორე ტური იქნება, ახლა საჭიროა აღიარონ, რომ პირველ ტურში მათი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველად შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში გამოეხმაურნენ.
გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, მისასალმებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან მეორე ტურის აღიარება, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლებისგან შემდეგი ნაბიჯი იმის აღიარება უნდა იყოს, რომ მათი მხარდაჭერილი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა.
„ახლა შემდეგი აღიარებაა საჭირო, რომ პირველ ტურში მათი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა. რაც არ უნდა შეეცადონ, ოქმები სახეზეა. ჩვენ პირწმინდად მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი, რაიონი. გამარჯვების ტალღა მიდის და მიდის უფრო მაღლა,. შესაბამისად, ვფიქრობთ, პროცენტები გადანაწილდება ისე, რომ ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე. რაც შეეხება მეორე ტურს, ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარალელურად, ხმებს გრიგოლ ვაშაძის შტაბიც ითვლის. როგორც საარჩევნო შტაბში აცხადებენ, მათი დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა საოლქო კომისიიდან მოწოდებულ ინფორმაციას სპეციალური სისტემა ითვლის, რომლის მიხედვითაც, პირველი ტურის ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა.
ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 40.05 პროცენტი აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.93 პროცენტი.