გიორგი ვაშაძე - მეც დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება
გიორგი ვაშაძე - მეც დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება

ყველგან ამას ვამბობთ, რომ, დიახ, ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს სტატუსს, ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ გამო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გორგი ვაშაძემ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ვაშაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ვიზიარებ კი არა, ამას ვამბობთ ყველგან, რომ, დიახ, ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, მაგრამ „ქართული ოცნება“არ იმსახურებს სტატუსს. ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ გამო. აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, სადაც არახამია აღნიშნავს, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“, – ვაშაძის განმარტებით, თავადაც დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩვენების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიცვლება.

„მეც დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს მავნებელი, პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში და როგორც კომუნისტური პარტია, რომელიც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი ღირებულებები არ აქვს საქართველოსთან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. დღესავით ნათელია, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია რუსეთის მხარე, ეს არის დღესავით ნათელი აბსოლუტურად ყველასთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, რომ საქართველო იყოს რუსული ჭაობი. აქედან გამომდინარეობს დასკვნები, რომელსაც აკეთებს ნებისმიერი რაციონალური ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.