გიორგი ვაშაძე - მართლები უნდა ვიყოთ, შარლ მიშელის დოკუმენტში არაფერი წერია საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე
გიორგი ვაშაძე - მართლები უნდა ვიყოთ, შარლ მიშელის დოკუმენტში არაფერი წერია საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე

შარლ მიშელის დოკუმენტში არაფერი წერია საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე, მართლები უნდა ვიყოთ, დოკუმენტს პატიოსნად მივუდგეთ, რათა ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა გვქონდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ამის შესახებ აღნიშნა ელექტრონული ტექნოლოგიებით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხზე მიმდინარე პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საარჩევნო ადმინისტრირებაში ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები არ შესულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების შემოღება, რისი მიზანიც არის, ადამიანური ფაქტორი არჩევნების ჩატარების დროს მაქსიმალურად შევზღუდოთ. ამით პირველ რიგში იზღუდება გაყალბების მცდელობა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული ტექნოლოგიების მიმართულებით. იმედი მაქვს, აქაც შეთანხმებით დავასრულებთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული ცვლილებები განახორციელოს. ტექნოლოგიების პირველი ეტაპი ოქტომბერში უნდა დაიგეგმოს, ხოლო საბოლოოდ მთელი საქართველოს მასშტაბით რიგგარეშე არჩევნებზე. ამ ტექნოლოგიების ფარგლებში ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდება, მეორეა ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები, რომელიც გამორიცხავს ყალბ ბიულეტენებს, კარუსელს. მესამეა დათვლის მანიპულაციები იყოს გამორიცხული. ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რაც იმედს მაძლევს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი დიდი ნაბიჯი ადამიანს ნდობა გაუჩნდეს, მის ხმას არავინ იპარავს. ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩემი აზრით, 2022 წელს აუცილებლად ჩატარდება, ეს იქნება საბოლოო გაფორმება ტექნოლოგიური ცვლილებების“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა მოხდეს თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახალი არჩევა:

„მინდა, ობიექტური ვიყო და პირდაპირ ვთქვა – ის უნდა მოვითხოვოთ, რაც დოკუმენტშია. თუ გარკვეული ჩანაწერების ინტერპრეტირებას მოვახდენთ, „ქართული ოცნება“ ამას ელოდება, რომ დოკუმენტის ათჯერ უფრო მეტი ინტერპრეტაცია გააკეთოს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, არაფერი არ წერია დოკუმენტში არსებული ადმინისტრაციის ცვლილებაზე. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შესაძლებლობას კეტავს და ესეც ღიად უნდა ვთქვათ. წარმოუდგენელია, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ დარჩეს, მაგრამ ოპოზიციას გარანტია სად აქვს? – რვა ოპოზიციური წევრი შედის, 2/3-ით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება და გადაზღვეულია ის მექანიზმი, რომ არსებული ადამიანები რჩებიან. მართლები უნდა ვიყოთ, დოკუმენტს პატიოსნად უნდა მივუდგეთ, რომ ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.