გიორგი ვაშაძე - კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას
გიორგი ვაშაძე - კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კვირას მათ მიერ დაგეგმილი აქცია ოპოზიციის მხარდამჭერების მოთხოვნით ტარდება. ვაშაძის თქმით, ამ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ.

„კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება. ეს არის იმ უკანონობების აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რასაც ვერ დავარქმევთ ვერც დემოკრატიას, ვერც არჩევნებს. ჩვენ ვაქვს აბსოლუტურად რაციონალური და სწორი მოთხოვნები.

და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“ – რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ამ რთულ მდგომარეობას, რაშიც არის ქვეყანა. რა არის მათი გზავნილი. ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად? ისევ ისე აპირებენ გაგრძელებას?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვერ ცნობს ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად.

„ამ არჩევნებს მთავარი ლეგიტიმაცია სჭირდება იმ 800 ათასი ადამიანისგან, ვინ ჩვენ და გრიგოლ ვაშაძეს დაგვიჭირა მხარი. ჩვენ ვერაფრით დავუშვებთ, რომ ეს იყოს ლეგიტიმური, არ შეიძლება, ქართული არჩევნების სტანდარტად იქცეს ის, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში – აბსოლუტური, ტოტალური უკანონობა, მოსყიდვა, ყველა კანონის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერაფრით ვერ ვცნობთ, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.