გიორგი ვაშაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს, უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე
გიორგი ვაშაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს, უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი, კოვიდთან ბრძოლა ეროვნული ამოცანა უნდა იყოს.

გიორგი ვაშაძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე, ამასთან, მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, ამ საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობა მიიღოს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ვფიქრობ, ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა დღეს უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. მეორე – ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა არ არის იმის დრო, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვინ იტყვის პირველი, ვინ იტყვის მეორე ან ვინ იტყვის, ვის არ უნდა და ვის უნდა არჩევნები, ფაქტია, იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც და ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის. თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ და კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით ამ პირობებში, ვერანაირად ვერ წავალთ წინ. გავიხსენოთ გასული წელი, წინა არჩევნები, სამწუხაროდ, გასულ წელსაც, ნოემბერ-დეკემბერში გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა სამედიცინო სექტორი კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, 7 000 ადამიანი უკვე ემსხვერპლა კოვიდვირუსს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივიღოთ მონაწილეობა საერთო გადაწყვეტილებაში, საერთო დისკუსიაში არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებასთან დაკავშირებით.

2-3 კვირით არჩევნების გადადება ნამდვილად არ შეცვლის ვითარებას და გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი. ამიტომ მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პაუხისმგებლობა თქვენზეა, რადგან ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გამოშვერას, მაგრამ, გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც კარგად დაფიქრდით, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. მივმართავ ასევე ოპოზიციურ პარტიებს და ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეგვეშინდება იმ ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც სჭირდება ხალხს. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ დავამარცხოთ პანდემია და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მზად ვართ, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.