გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - მოგიწოდებთ, გონს მოეგეთ და დროულად შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმების ორივე კომპონენტი
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - მოგიწოდებთ, გონს მოეგეთ და დროულად შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმების ორივე კომპონენტი

8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან – პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ეს შეთანხმება შედგენილია დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მათი თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით. ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, „გონს მოეგოს და შეთანხმების ორივე კომპონენტი დროულად შეასრულოს“.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რვა წლის მანძილზე ყველა გააღარიბა

„დავკარგეთ ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა და სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია. დღეს ისინი ეფარებიან კორონავირუსს და სურთ თავიანთ ბუნებით სახეს დაუბრუნდნენ. რა არის მათი ბუნებითი სახე?! – ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობა და ამ გზით რამენაირად ხელისუფლების შენარჩუნება.

დღეს ისინი კვლავ ცდილობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგა, თქვან რომ თითქოს ყველაფერი სხვაგვარადაა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მე ძალიან კარგად მახსოვს ამ ადამიანების შეშინებული და დამფრთხალი სახეები მოლაპარაკებებზე. დამერწუნეთ გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებით თუ გააგრძელებთ ამ მავნებლობას.

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი პატიმრების გათავისუფლება და მეორე საარჩევნო სისტემის ცვლილება, ეს შეთანხმება შედგენილია დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მათი თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე მოგიწევთ ამ ყველაფრის შესრულება არ გეგონოთ, რომ კორონავირუსის გამო ვინმე რაიმეს გაპატიებთ. არ გეგონოთ, რომ იმ საზედამხედველო ფუნქციით, რომელიც დღეს მოირგეთ, თქვენ შეძლებთ პროცესების თავიდან ბოლომდე მართვას. ასე ყეყეჩობდით ნოემბერში და დეკემბერში, როცა ამბობდით, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ გაიძულეთ და მოგიწიათ კონკრეტულ ნაბიჯებზე წასვლა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გეგმით და სტრატეგიით ვმოქმედებთ.

დიახ, ოპოზიციას გაგვაჩნია გეგმა. როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ „ქართული ოცნების“ მავნებლურ პოზიციას, რომელიც საერთოდ აცდენილია თითოეული მოქალაქის ინტერესებს და მხოლოდ ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული შეინარჩუნონ ძალაუფლება. მეგობრებო! ყინულივით დადნება თქვენი მხარდაჭერა, ისიც კი რაც დღეს გაქვთ საზოგადოებაში.

ამიტომ მოგიწოდებთ, გონს მოეგეთ და დროულად შეასრულეთ შეთანხმების ორივე კომპონენტი, რომელიც იქნა ჩვენს მიერ და თქვენს მიერ ხელმოწერილი. ორი დოკუმენტი, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, ყველა ის მხარე რომელიც ესწრებოდა მათ შორის ისინიც ვინც ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, ისინიც კი ადასტურებენ რომ სწორედ, პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა მეორე დოკუმენტი. შეეშვით თაღლითობას, არსებობს საზღვარი! რამდენ ხანს შეიძლება ვუყუროთ, რომ თეთრზე შავს ამტკიცებთ, ტყუილზე ამბობთ, რომ სიმართლეა ეს სახელმწიფოა, საზოგადოება გისმენთ და ყოველდღიურად თავს ირცხვენთ. ამიტომ შეასრულეთ ეს შეთანხმება, არავინ არ მოგცემთ ამ შეთანხმებიდან თავი დაძვრენის უფლებას. კორონავირუსს, რომ ეფარებით ეს კიდევ უფრო დიდი სიბინძურე და მავნებლობაა. ნუთუ არ გცხვენიათ?! ვირთხებივით რომ იყავით შემძვრალი და იმალებოდით და ყველაფერზე მზად, რომ იყავით ოღონდ შეთანხმება შემდგარიყო, რადგან პერსნოალური სანქციების გეშინოდათ. უარესი მოგივათ, როგორც ჩანს გაკვეთილს ვერასდროს ვერ სწავლობთ, დაგაჩოქებთ მუხლებზე, იმიტომ, რომ თქვენ დამნაშავეები ხართ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატში. თქვენ დამნაშავეები ხართ ქართველი ხალხის გაღარიბებაში. ამ დანაშაულებისთვის თქვენ პასუხს აუცილებლად აგებთ“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.