გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით იმედი არც გამცრუებია და არც გამომცრუებია, პირდაპირ გეტყვით, მიჩვეული ვარ, რომ ასე იქცევიან
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით იმედი არც გამცრუებია და არც გამომცრუებია, პირდაპირ გეტყვით, მიჩვეული ვარ, რომ ასე იქცევიან

კარგად მესმის კელი დეგნანის, რადგან ამ მოლაპარაკებებში ის ჩვენი რუპორი იყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძის თქმით, მას იმედი არ გაცრუებია, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვა, რადგან მიჩვეულია ამ პარტიისგან მსგავს ქმედებებს.

„ქალბატონი კელი დეგნანის ძალიან კარგად მესმის, რადგან ფაქტობრივად ის იყო ჩვენი რუპორი ამ მოლაპარაკებებში, რომ ასეთი სოლიდური შეთანხმება წამოეღო ოპოზიციას. აბსოლუტურად მესმის, უბრალოდ, ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმდენი ხნით ურთიერთობას მიჩვეულ არ არის. მე მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს, ამიტომ იმედი არც გამცრუებია და არც გამომცრუებია. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ასე იქცევიან და ამაში არაფერი ახალი ჩემთვის არ არის. ვინც გინდათ უპასუხისმგებლოდ ჩათვალეთ, ვინც გინდათ -პასუხისმგებლიანად, აი, ასე იქცევიან და რავიცი, მიჩვეული ვარ, არ მაინტერესებს. ასეა, ერთ ყურში შედის, მეორედან გამოდის.

ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ორი კვირის განმავლობაში მთავარი მოღალატეები ვიყავით, ახლა განვმოღალატევდით, აღარ ვართ მოღალატეები. ეს არის ფერიცვალება, თეთრი-შავი, თეთრი-შავი. ახლა თეთრია, მერე შავი გახდება და ეს ფერიცვალებები ახლა ხალხისთვის შესამჩნევი უნდა გახდეს, ხომ“, – განაცხადა ვაშაძემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. თუმცა ელჩმა იმედგაცრუება გამოხატა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეუერთდა.