გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და  სახლი ცარიელია
გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და  სახლი ცარიელია

დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და აღნიშნა, რომ ქართველებს ამ პირობების გამო წლების განმავლობაში უწევთ ემიგრაციაში წასვლა.

მისივე თქმით, ემიგრაციის მასშტაბები „ოცნების“ პირობებში ყოველწლიურად მატულობს, ასევე მძიმდება პენსიონერთა მდგომარეობა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამსახურის გარეშე.

„დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენი თანამემამულეები მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და უმუშევრობამ აიძულა წასულიყვნენ და მიეტოვებინათ ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნით და რაც უყვართ.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო იქ მყოფ ქართველებთან.

მათთან საუბრები, როგორც წესი, ყოველთვის იწყება ხალისით, სამშობლოს და ოჯახური ისტორიების გახსენებით და სრულდება ტკივილით და უდიდესი ნოსტალგიით, მათ ენატრებათ საკუთარი სახლი.

რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა 57 წლის ქალბატონ ნინოსთან, მინდა, მისი ისტორია მოგიყვეთ. ქალბატონ ნინოს ჰყავს 28 და 30 წლის ბიჭები. 90-იანი წლების ბოლოს უკიდურესი სიღარიბის გამო ქალბატონი ნინო საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. ის თითქმის 23 წლის მანძილზე იმყოფებოდა ემიგრაციაში და დღე და ღამე უწევდა მუშაობა.

ქალბატონი ნინო მიყვებოდა: საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ღირდა ეს წვალება და ტკივილი, რადგან მეგონა, მალე დავაგროვებდი თანხას, დავბრუნდებოდი საქართველოში და ჩემს შვილებთან ერთად კარგად ვიცხოვრებდი.  2022 წელს ქალბატონი ნინო 23-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 57 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პრობლემები არ გამქრალა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა საკმარისი ფული ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ელემენტარული პირობებისთვის, უმუშევრობის გამო ახლა უკვე მისმა შვილებმა გადაწყვიტეს საქართველოდან წასვლა, რათა შესძლებოდათ საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფა ისე, როგორც მან უზრუნველყო ისინი თავის დროზე. ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ნინოს ისტორია, სამწუხაროდ, ასე ცხოვრობს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე. წლები გარბის, პრობლემას პრობლემა ემატება, შვილები მშობლებისგან მოშორებით იზრდებიან. ახლა, სამწუხაროდ, ქალბატონი ნინოს შვილიშვილები იზრდებიან მამების გარეშე. 12 წლის მანძილზე, რაც ივანიშვილის პარტია იმყოფება ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, თითქმის არაფერი გაუმჯობესებულა.

პირიქით, მიგრაციის მასშტაბები გაიზარდა, 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ბავშვები ისევ შიმშილობენ; პენსიონერს ყოველდღიურად უწევს არჩევანის გაკეთება საჭმელსა და წამალს შორის;ახალგაზრდა ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს და სამსახურს ვერ შოულობს”, – განაცხადა ვაშაძემ.