გიორგი ვაშაძე - გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
გიორგი ვაშაძე - გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს

გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხვალ, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენს ერთიანობას ვერ დაუდგება ვერაფერი წინ, ჩვენ ვუყურებდით ამ პროცესს, აბსოლუტურად გულწრფელად ვიდექით და ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით.

მე, პირადად და ჩვენ, არც ერთი, ამ ხელისუფლებას არ მივცემთ ამ ადამიანების დაჩაგვრის უფლებას და დღეის ამას იქეთ ეს ბრძოლა იწყება მთელი საქართველოს მაშტაბით, ვერთიანდებით ყველა იმისთვის, რომ ხელისუფლება უნდა დამთავრდეს და ის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა დამთავრდეს.

საქართველოს აქვს განვითარების საოცარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა გადის დღეს აქ რუსთაველზე. სწორედ დღეიდან უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, ჩავყვეთ ამ კატასტროფაში, რასაც გთავაზობს ეს ხელისუფლება და დავიწყოთ განვითარების სრულიად ახალი გზა.

მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ორ ადამიანს, რომელმაც მთელ საქართველოს თავის ტკივილი გააგონა და გამოაფხიზლა მთელი ერი. ერი დგას ერთად და ჩვენს ერთიანობას ვერავინ დაუპირისპირდება და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.

 

ფოტო: ირაკლი გედენიძე