გიორგი ვაშაძე - გვაქვს კონკრეტული სანქციები, რომლებიც იქნება გამოყენებული კანონდამრღვევ პოლიციელებსა თუ მოძალადე აქტივისტებზე
გიორგი ვაშაძე - გვაქვს კონკრეტული სანქციები, რომლებიც იქნება გამოყენებული კანონდამრღვევ პოლიციელებსა თუ მოძალადე აქტივისტებზე

გვაქვს კონკრეტული სანქციები, რომლებიც იქნება გამოყენებული კანონდამრღვევ პოლიციელებსა თუ მოძალადე აქტივისტებზე, რომლებსაც არ აძლევენ პასუხისგებაში, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც, ვაშაძის განცხადებით, სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ თითოეული სამართალდამცავის მოქმედებაზე და მათი მოქმედების კანონთან შესაბამისობაზე.

„დასკვნები უკვე მომზადებული გვაქვს დარბევებთან დაკავშირებით კონვენციის მუხლების ჩათვლით, რა არის დარღვეული. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. ამ ყველა დოკუმენტაციას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ასევე ის ადამიანები, ვინც კანონს არღვევს და ჰგონიათ, ხელისუფლების საფარქვეშ ყველაფერს გააკეთებენ. ყველა საელჩოს მივაწვდით ამ სახელებსა და გვარებს. ჩემი აზრით, ამ ხალხზე უნდა იყოს შეზღუდვები, მათ შორის ევროპაში გადაადგილების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილების. ამიტომ, გვაქვს კონკრეტული სანქციები, რომლებიც იქნება გამოყენებული კანონდამრღვევ პოლიციელებზე თუ მოძალადე აქტივისტებზე, რომლებსაც არ აძლევენ პასუხისგებაში“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, „მოძალადეებს მოქმედების არეალი უნდა შეეზღუდოთ“.

„არსებობს ე.წ. შავი სიები ევროკავშირის ქვეყნებში და ბუნებრივია, ჩვენ მივაწვდით. ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, ვინც ძალადობენ, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით, მივაწოდოთ მათი მონაცემები შესაბამისი მამტკიცებელი მასალებით, რომ მათზე არ გაიცეს ვიზები, არ მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებში შეშვება და შეეზღუდოს მოქმედების არეალი მოძალადეებს, კანონდამრღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენებს“,- განაცხადა ვაშაძემ.

თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაში.