გიორგი ვაშაძე - გიორგი კალანდარიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება, ჩვენი ამოცანაა, ახალი საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს
გიორგი ვაშაძე - გიორგი კალანდარიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება, ჩვენი ამოცანაა, ახალი საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ვაშაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტონ, რათა საარჩევნო რისკები გამოირიცხოს.

„შეგიძლიათ, უმრავლესობის ყველა წევრს ჰკითხოთ, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის სახელი და გვარი. დარწმუნებული ვარ, მათი 80 პროცენტი ამას ვერ გიპასუხებთ, რატომ? – იმიტომ, რომ არ იციან, ვინ აირჩიეს. გიორგი კალანდარიშვილი მათი ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება. კარგია, რომ ეს ადამიანი მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ექვსი თვე იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.

ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

დატოვე კომენტარი