გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება, ოპოზიციონერ კოლეგებთან ვიმსჯელებთ უნდობლობის მექანიზმზე, რაც ნიშნავს დროებითი მთავრობის შექმნას და ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას
გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება, ოპოზიციონერ კოლეგებთან ვიმსჯელებთ უნდობლობის მექანიზმზე, რაც ნიშნავს დროებითი მთავრობის შექმნას და ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთი წამქეზებლური განცხადება გააკეთა.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან სამ კონკრეტულ მექანიზმზე იმსჯელებენ, მათ შორის ერთ-ერთია უნდობლობის მექანიზმი, რაც ნიშნავს დროებითი მთავრობის შექმნას და ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას.

„ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ მათ ქუჩაში ანგარიშსწორება გააგრძელონ. ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გუნდი არიან ძალა, ვინც მოკლა ლექსო ლაშქარავა მათი ქმედებებით. პირველი გააკეთეთ ის, რომ დაგეგმეთ სპეცოპერაცია, მეორე – განცხადებებით წაახალისეთ აგრესიული ქმედებები, მესამე – დღემდე აგრძელებთ ამ აღვირახსნილ განცხადებებს. თქვენ ხართ ძალა, რომელსაც ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ, ფარისევლობით გინდათ, შეინარჩუნოთ ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებთ, რომ ფეხქვეშ გათელოთ ადამიანის უფლებები.

თქვენ თავს დაესხით ჟურნალისტებს რუსთაველზე, მოაწყვეთ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა და ამისთვის აუცილებლად აგებთ პასუხს. დღესაც ცინიკურად უმტკიცებთ ხალხს აბსურდებს, თითქოს გაწუხებთ ჩვენი ქვეყნის ბედი, თითქოს თქვენ გიყვართ სამშობლო. სწორედ თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე ლექსო არის გარდაცვლილი. თქვენ ეს ადამიანი მოკალით და კლავთ ყოველწუთიერად უტიფარი განცხადებებით. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბოლომდე ჩამოგხსნათ ფარდა. სამ კონკრეტულ მექანიზმზე გვექნება ოპოზიციონერ კოლეგებთან მსჯელობა. ესენია: საგამოძიებო კომისია, საპარლამენტო დებატები – მობრძანდით და გაგვეცით პასუხი, თუ არ გეშინიათ და მესამე – უნდობლობის მექანიზმის წამოწყება, რაც ნიშნავს ახალი, დროებითი მთავრობის შექმნას და ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას. მანამდე იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.