გიორგი ვაშაძე - გარკვეული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს
გიორგი ვაშაძე - გარკვეული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს გამარჯვება ერთიანობაში, ერთად დგომაშია.

გიორგი ვაშაძე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ამ ერთობას აზიანებს.

„ჩემ უკან არის წარწერა – „ძალა ერთობაშია“, ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. მთავარია არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიღაც პარტიას, არამედ მთავარია ის, რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონებიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და საფიქრალი, როგორ გამოკვებონ ოჯახი. მეორე – რისი იმედიც აქვთ, ეს არის ჩვენი ერთიანობის, ურღვევობის და ერთიანი ბრძოლის ფრონტის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გარკვეული პარტიული განცხადებები, რადიკალური განცხადებები აზიანებს ხალხის თვალში ამ ერთობას.

პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას, რადგან გამარჯვება სწორედ არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ, როგორც „ძალა ერთობაშია“-ს, როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე – იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით თუ არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც მივაღწიეთ, სწორედ ოპოზიციის ერთიანობით მივაღწიეთ.

2018 წელს, როცა ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, ამას მივაღწიეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით, გაერთიანების იდეით. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და მუდამ ვემხრობოდი საჯაროობას აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – სტრატეგია აღმაშენებლის გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზრი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერობის საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ რადიკალური განცხადებები მისთვის გასაკვირი იყო.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ – რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანებისა, ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები, ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია. პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი.

„და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მათ შორის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 19 მაისს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.

ჩარკვიანის განცხადების შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გუშინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.

ასევე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განმარტა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.