გიორგი ვაშაძე - გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი
გიორგი ვაშაძე - გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი

ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე დიალოგი აიწია სხვა დონეზე. პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შეხვედრა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი და არ გვისაუბრია გადაწყვეტის გზებზე, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამ ვთქვით, რომ უარს არ ვიტყვით ასეთი ტიპის დიალოგზე. ასევე, ხაზი გავუსვით, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. შესაბამისად, მზაობა გამოვთქვით, რომ დიალოგში მივიღებთ მონაწილეობას და თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, რომ იქაც მივიღოთ მონაწილეობა. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შეხვედრა იყო იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა მზად არიან თუ არა მხარეები ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით, გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ჯერჯერობით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მათ სათქმელი აუცილებლად ექნებათ რიგგარეშე არჩევნებზე, რადგან ეს საკითხი განიხილება ამ საუბრის პროცესში, წითელი ხაზები არ არის, ამას არ ვიხილავთ, ყველაფერს განვიხილავთ და ყველა საკითხზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება პლებისციტს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე ამაზე არ გვისაუბრია. ეს ოპოზიციის მხრიდან იყო წარდგენილი და სამწუხაროდ, ამაზეც უარი ვისმინეთ ხელისუფლებისგან. ჩვენ პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ, რადგან ეს არის ახლა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ და ვერ გავაჩერებთ ამ პროცესს“, – განაცხადა ვაშაძემ.