გიორგი ვაშაძე - ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ
გიორგი ვაშაძე - ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მას და მის ძმას, დავით ვაშაძეს ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვთ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“, უფრო სწორად, რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით. ამას მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები. წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, რითიც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლცენტრების უკან. ახლა უნდათ, ისრები გადმოიტანონ აქეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავეს, ვინც ხელს ითბობს ევროპელი პენსიონრების ძარცვაზე და შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, მოუწევს პასუხისგება.

„აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები, გავიდე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომელთაც მაქსიმალურად მივაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისმგებაში. მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ქოლცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები. ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ. თქვენ გინდათ, მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში. მე ცამდე მართალი ვარ, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისმგებაში მიცემული. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო ეს ბრალდება ერთი პრესკონფერენციით. აგერ მე და აგერ თქვენ. მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომლითაც ხელს ითბობთ.

სამი რამით ფინანსდება დღეს „ქართული ოცნება“ – ქოლცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელიც აღვირახსნილ მასშტაბებსაა მიღწეული და აქეთ გინდათ, ჩვენზე წამოიღოთ? გამოხვიდე, დააბრალო და მერე ატრიალო ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში, თუ შენი კონტროლირებადი მედიების მეშვეობით. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით. ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა ამ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ. მე მივაწვდი ინფორმაციას ევროპელ სამართალდამცავებს, ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ყველა თაღლითი, მძარცველი, დამნაშავე იყოს ციხეში და სიმართლემ, სამართლიანობამ იზეიმოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით. ამასთან, ადგილზე, სადაც მთელი ღამე სამართალდამცველები მუშაობდნენ, რეგისტრირებულია სასტუმრო, რომელიც, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილებაა. დავით ვაშაძე წილების 25%-ს ფლობს. გიორგი ვაშაძის ძმამ განაცხადა, რომ ამ ადგილზე მისი სასტუმროა რეგისტრირებული, თუმცა ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვს.