გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს იმ პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია, შარლ მიშელი აპირებს, ჩაერთოს ამ პროცესში, თუ ჩვენი მხრიდან მზადყოფნა იქნება
გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს იმ პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია, შარლ მიშელი აპირებს, ჩაერთოს ამ პროცესში, თუ ჩვენი მხრიდან მზადყოფნა იქნება

უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზადყოფნა იქნება ჩვენი მხრიდან. ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს იმ პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შარლ მიშელის მხრიდან „სერიოზული განაცხადი იყო ფასილიტაციიდან მედიაციისკენ სვლა“.

„ეს არის ორი განასხვავებული რამ, ანუ ნიშნავს, რომ შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე, რომ ასოცირებული წევრის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს. ეს არის ევროკავშირის განცდა და ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. დიდი მადლობა მათ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, აქ სერიოზული წინსვლა გვექნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება თვის ბოლომდე მიღწეული იქნება.

„როგორც მე ორი დღის წინ ვთქვი, რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. მე ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე. გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს და შევხედოთ, რა გზით წავა ეს მოლაპარაკების პროცესი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 13-ში არის ასოცირების კომიტეტის სხდომა ბრიუსელში და იმ სხდომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, სერიოზული შეხვედრა იყო, ძალიან სერიოზული საკითხები წამოიჭრა. იმედი მაქვს, იმ თანხმობას, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ გამო, ქვეყნის შიგნით ვერ ვაღწევთ, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.