გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, არის კატასტროფა და საძაგლობა
გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, არის კატასტროფა და საძაგლობა

ვფიქრობ, ევროკავშირის დელეგაციის წინ რომ ასეთი რამ ხდება, და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია, საძაგლობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებასთან დკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ეს წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე გარემოს შედეგია.

„მე მაქვს მარტივი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის – გინდათ მშვიდობიანი განვითარება, გინდათ წინსვლა, საქმის კეთება? აგერ არის „მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენენებელი“, შემოხაზეთ ნომერი ერთი. შევარიგებ ყველას, დავამშვიდებ ყველაფერს და მივხედავთ საქმეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.