გიორგი ვაშაძე - ეს პროცესები არის სახელმწიფოს გადაფორმების საბოლოო მცდელობა​
გიორგი ვაშაძე - ეს პროცესები არის სახელმწიფოს გადაფორმების საბოლოო მცდელობა​

წინააღმდეგობა ყველამ უნდა გავუწიოთ, უკანონო მოთხოვნებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავემორჩილოთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში განვიტარებული პროცესები მოსახლეობისთვის „ღირსების აყრაა“.

„ეს არის სახელმწიფოში სახელმწიფოს გადაფორმების საბოლოო მცდელობა. ეს ღირსების აყრაა ჩვენი თითოეული მოქალაქის. ეს სახეში სილის გაწვნაა. არავის იმის ილუზია არ აქვს, რომ ივანიშვილი ვერ აკონტროლებს ვიღაც ვიგინდარა მაჟორიტარებს. ეს ხალხი საერთოდ საიდან მოვიდა. მან თვითონ მოიყვანა და ძალიან კარგადაც აკონტროლებს. დღევანდელი ხმის მიცემის რაოდენობამაც ეს თქვა.

ერთადერთი გზაა, ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით. წინააღმდეგობა ყველამ უნდა გავუწიოთ. უკანონო მოთხოვნებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავემორჩილოთ.

მე ერთი გეგმა მაქვს, რუსთაველზე ვიდგე ვიდრე არ მივაღწევთ იმას, რაც ხალხს უნდა და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. უკან ერთი ნაბიჯით რომ დავიხიოთ, ათჯერ მეტად გადაგვივლიან თავზე და ყველაფერს თავზე გადაგვახევენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს, რომლის თანახმადაც, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.