გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ
გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„სტრატეგია-აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, თემაზე „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი“ საჯარო შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. კერძოდ, რა განწყობებია ბრიუსელში და რას აკეთებს „ქართული ოცნება“.

„შეხვედრის მიზანია, ავუხსნათ საზოგადოებას, როგორ ვხედავთ ჩვენ ვითარებას და მათგან მოვისმინოთ, ისინი რაში ხედავენ გამოსავალს, იქნებ ჩვენ გვეშლება რაღაც. ორი კვირაა, დავდივართ სამი ადამიანი და ყველა ეთერში ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ. ჯერჯერობით, გინებისა და დაცინვის მეტი ვერ მოვისმინეთ ვერავისგან. პრაქტიკულად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. გვაინტერესებს, ეს ადამიანები რას ფიქრობენ. მათი ნაწილი პერსონალურად არის მოწვეული, ნაწილმა კი, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მიიღო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა სხვა პარტიების მხრიდან შესაძლო მხარდაჭერის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

„ჯერ ჩვენ დასაწყისში ვართ. მგონია, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს იმის გააზრება, რამდენად არის ეს ქვეყანა გზის გასაყარზე. კი, ეს გზის გასაყარია. ერთ მხარეს არის ევროპა. კი, ყველას მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, საით წავიდეს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამეული შეთანხმდა საერთო ხედვაზე, როგორ უნდა დაუბრუნონ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა და აღნიშნა, რომ „მოქმედებებზე გადადიან“.

„ჩვენ ამ ეტაპზე შევთანხმდით საერთო ხედვაზე, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული მმართველობისგან და შევთანხმდით, რომ დღეს არის ინიციატივის აღების დრო და არა უბრალოდ ან ქილიკის, ან ხელების ჩამოყრის დრო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ მოქმედებებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკა. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმ განხილვებში, თუ კრიტიკაში, რაც შეიძლება, პარტიებს შორის იყოს. მხოლოდ ტყუილი ერთობა შეიძლება, ჩანდეს ლამაზად. „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს შეიძლება, ამ ეტაპზე განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ. არ მგონია, რომ ახლა თავდასხმების დრო არის. მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მივალთ ერთობამდე“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაშინ მიიღებს, თუ ერთ დიდ პროევროპულ ერთობას აჩვენებენ.

„გამოსავალს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ვხედავთ ერთიანობაში პროევროპულ ფლანგზე. ბევრი შეკითხვაა, ბევრ ადამიანს უნდა, ჩაერთოს და „ფეისბუქის“ საშუალებით დავაორგანიზეთ. შეკითხვები აქვთ ჩვენთან და ამ ყველაფერს პასუხები უნდა გავცეთ. სტატუსს მივიღებთ, როგორც კი ერთ დიდ პროევროპულ ერთობას ვაჩვენებთ. სამ ნაწილად გავყოფდით იმ ადამიანებს, რომლებიც თავს გვესხმიან. პირველი არის „ქართული ოცნება“, მეორე – ადამიანები, თუ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ გაერთიანებაში. მესამე – გამოიკვეთა ჯგუფი, დავარქმევდი დაბოღმილების და რატომ იბოღმებიან? დავილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, უნდა ველაპარაკოთ ხალხს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.