გიორგი ვაშაძე - დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი არის საერთაშორისო დანაშაული, დარწმუნებული ვარ, ევროპელი და დასავლელი კოლეგების მხრიდან აღნიშნულის დეტალური გამოძიება მოხდება
გიორგი ვაშაძე - დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი არის საერთაშორისო დანაშაული, დარწმუნებული ვარ, ევროპელი და დასავლელი კოლეგების მხრიდან აღნიშნულის დეტალური გამოძიება მოხდება

ელჩების მოსმენა და დიპლომატიური კორპუსის თვალთვალი არის საერთაშორისო დანაშაული. ეს არ არის მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი დანაშაული, შესაბამისად ამას არა უბრალოდ რეაგირება ექნება, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთვებიან და დეტალური გამოძიება მოხდება ჩვენი ევროპელი და დასავლელი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არავინ დაუშვებს ელჩების მიყურადებას.

„ისინი დაიცავენ ვენის კონვენციას, რომელიც იცავს დიპლომატიურ კორპუსს და არ დაუშვებენ, რომ მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ მუდმივი თვალთვალის და მიყურადების ქვეშ. ჩვენ, „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ვართ გარანტი, რომ ეს უმსგავსობა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და ვერავინ ვერასდროს გაბედავს მსგავსი დანაშაულის ჩადენას ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.