გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ინიციატივით გამოდიან, ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელმწიფო კომპენსაცია მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევრით განესაზღვროთ
გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ინიციატივით გამოდიან, ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელმწიფო კომპენსაცია მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევრით განესაზღვროთ

ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ინიციატივით გამოდიან, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელმწიფო კომპენსაცია მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევრით განესაზღვროთ.

დეპუტატებმა მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინეს. მათი განმარტებით, დღეს, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს და ამასთანავე არსებობს დათქმა, რომ კომპენსაციის ოდენობა გამონაკლისის გარდა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, პარლამენტის წევრის გასამრჯელო (თუ ის არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი) 4 624 ლარს შეადგენს, ცვლილებებით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთათვის, რომელთაც მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დამატებით გაიზრდება 1 752 ლარით (4624:2)-560 = 1752).

კანონმდებლების ცნობით, ვინც კომპენსაციას მიიღებს ასეთი 165 პირია და ყოველწლიურად მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 3 468 960 ლარი იქნება გამოსაყოფი.

„1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. აღნიშნული აქტის მიღებამ რეალობად აქცია ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და საფუძველი დაუდო ახალი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას. განსაკუთრებულ პატივისცემას და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებას იმსახურებს ის ხალხი, ვინც აღნიშნული აქტის მიღების მართლაც ისტორიული პროცესის სათავეში იდგა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის ძალისხმევით განხორციელდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობითა და მიღებული გადაწყვეტილებით რეალობად აქციეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში უზრუნველყვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა“, – ნათქვამია კანონპროექტში.

დატოვე კომენტარი