გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ქვეყანა გათავისუფლდეს თვითმარქვია რუსული რეჟიმისგან, ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიწყოთ ევროკავშირში ინტეგრაცია
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ქვეყანა გათავისუფლდეს თვითმარქვია რუსული რეჟიმისგან, ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიწყოთ ევროკავშირში ინტეგრაცია

ჩვენ ვართ პროტესტში, ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანებზე ძალადობს, აყალბებს ხალხის ნებას და ასრულებს რუსულ ინტერესებს.

„გეგმებზე კითხვა დაუსვით თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც კონკრეტულად უნდა თქვას, რას აპირებს. ჩვენ ვართ პროტესტში, ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა საქართველო გათავისუფლდეს თვითმარქვია რუსული რეჟიმისგან, ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიწყოთ ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება.

ჩვენი სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანებზე ძალადობს, რომელიც აყალბებს ხალხის ნებას და ასრულებს რუსულ ინტერესებს.

გუშინ ძალიან კარგი განცხადება ჰქონდა საია-ს და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე წარდგენილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავ-პირს ამტვრევენ დღეს მშვიდობიან დემონსტრანტებს. ეს აუცილებლად მოხდება. უკვე მტკიცებულებები გროვდება. არა მხოლოდ სანქციები, საერთაშორისო მასშტაბით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა მოძალადეს და ყველა ანტიქართველს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ასე ექცევა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.