გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალში წესი იყოს ახალი, არ ასრულებ, წადი
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალში წესი იყოს ახალი, არ ასრულებ, წადი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არა თუ მონაწილე ვიქნებით, არამედ კონკრეტული კანონები გვაქვს და ჩვენი მომზადებული დოკუმენტებით მივალთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ქარტიაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან კარგია რეფორმებზე შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მოკლე ვადაში გავაკეთებთ ყველა ცვლილებას, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არათუ მონაწილე ვიქნებით, არამედ კონკრეტული კანონები გვაქვს და ჩვენი მომზადებული დოკუმენტებით მივალთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დროებით პარლამენტთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ წესი უნდა იყოს, ვინც დაპირებებს არ ასრულებს, წავიდეს.

„აბსოლუტურად სწორია. ეს იყოს ზოგადად წესი ამ ქვეყანაში, რომ არ ასრულებ – წადი. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენი რამ არ შეასრულა, წავიდნენ რა. ხალხი ხომ ამას ამბობს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალში წესი იყოს ახალი: არ ასრულებ – წადი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.