გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. გიორგი ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ 45-პროცენტიანი რეიტინგი არ აქვს.
„ყველას, პოლიტიკურ პარტიებს და ძალებს გვაქვს საზოგადოებრივი აზრის კვლევები. 45 პროცენტი, რაც უკვე თქვა კობახიძემ, ეს არის გაბერილი ციფრი, რაც რეალურად მათი რეიტინგი არ არის. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ მაქსიმალური რესურსი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ეს არის 30 პროცენტი.
ასე რომ, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. უბრალოდ, „ქართულად ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, ამას უნდა შეეგუონ და მოამზადონ ფსიქოლოგიურად საკუთარი თავი, რომ ხალხს უნდა ახალი თაობის მმართველობა, ხალხს უნდა განვითარება და გადავიდნენ ოპოზიციაში, რა პრობლემა. ჩვენ გუშინაც განვაცხადეთ, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ იქნება. მათსავით კი არ მოვიქცევით, რომ ვინც გვინდა ციხეში ჩაჯდეს და ვინც გვინდა ქვეყნიდან გავუშვათ. არა, ბატონებო, იქნება სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული მექანიზმებით და ოპოზიცია იქნება დაცული. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, ვეუბნები კობახიძესაც, „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ შეგეშინდეთ. ეს არის ნორმალური პროცესი და ჩვენ როგორც ცივილიზებულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.