გიორგი ვაშაძე - ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს სიღარიბის ჭაობში მუდმივ ჩახრჩობას
გიორგი ვაშაძე - ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს სიღარიბის ჭაობში მუდმივ ჩახრჩობას

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ პირველი სანქციები გამოიყენა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს აშშ-გან დახმარება 15 პროცენტით შეუმცირდება.

საუბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, დღეს გამთენიას ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის, მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15 პროცენტით შეგვიმცირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარება.

ხაზს ვუსვამ, ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს, დაედო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სანქციების დადების სამ მთავარ ასპექტზე.

„პირველი – ეს არის დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო, არჩევნები და ა.შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია. განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე არის ქვეყანაში  ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეშლა. ანუ, საქართველოში აღარ შემოდის ინვესტიცია, თუ ეს არ არის შეთანხმებული ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.

ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები.

ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიც ეს არის რუსეთის ფედერაციაში.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა, რაც გვაქვს,ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, ბოლომდე შევებრძოლო იმ რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქრთველოში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს თავის შედეგს იქონიებს  საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და გზავნილი არის პორველ რიგში ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებები.

დაუყოვნებლივ მოვითხოვ რეაგირებას „ქართული ოცნების“ მხრიდან და დაუყოვნებლივ მოვითხოვ იმ პრობლემური წერტილების გასწორებას, რომელსაც ითხოვენ ჩვენი დასავლელი მეგობრები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.