გიორგი ვაშაძე - ალტერნატივებზე როცა საუბრობ, ერთიანობა აღარ არის, ეს უკვე შეცდომაა, იმედი მაქვს, ყველა საკუთარ პოზიციას გადახედავს
გიორგი ვაშაძე - ალტერნატივებზე როცა საუბრობ, ერთიანობა აღარ არის, ეს უკვე შეცდომაა, იმედი მაქვს, ყველა საკუთარ პოზიციას გადახედავს

ყველა პარტიამ თვითონ უნდა დააფიქსიროს პოზიცია ერთიანობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური უმრავლესობა დიდი ერთიანობის მომხრეა და ამას მივესალმები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ალტერნატივებზე საუბარი შეცდომაა.

„ალტერნატივებზე როცა საუბრობ, ერთიანობა აღარ არის, ეს უკვე შეცდომაა და იმედი მაქვს, ყველა საკუთარ პოზიციას გადახედავს. რაც შეეხება სიის ფორმირებას, აქაც აბსოლუტურად გახსნილი არის ჩვენი პოზიცია. პირველ ათ ადგილს საერთოდ დავუთმობდი ახალ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება, ნაბიჯი გადადგან პოლიტიკისკენ, რომლებსაც აქვთ საზოგადოების ნდობა. ჩემი ადგილი თუ გაინტერესებთ, თუ გინდათ, ჩემს ადგილსაც დავუთმობ ნებისმიერ სხვას. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, გადავარჩინოთ საქართველო, საერთოდ რა ადგილებზეა საუბარი. ახლა საუბარია ერთიან, მძლავრ, მონოლითურ ერთობაზე. პირდაპირ სახელმძღვანელოებშიც კი წერია, როდესაც რისკის ქვეშ დგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავება არ არსებობს. ყველა ერთად ვდგავართ და ვიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, რითაც ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას ან  ქვეყანას ვუთმობთ ავტორიტარულ რეჟიმს, რაც არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.

რაც შეეხება სხვებს, ყველა პარტიამ თვითონ უნდა დააფიქსიროს პოზიცია ერთიანობასთან დაკავშირებით. რასაც ვუყურებ, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციური უმრავლესობა დიდი ერთიანობის მომხრეა და ამას მივესალმები. არის ცალკეული დამოუკიდებელი პარტიები, თქვენ მკითხეთ „ლელოზე“, პარტია „ახალსაც“ ჰქონდა ეს პოზიცია. იმედი მაქვს, ეს ადამიანები გადახედავენ თავიანთ პოზიციებს და დიდი ერთიანობისკენ, ეროვნული ერთიანობისკენ გადადგამენ ნაბიჯს. ამას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ემხრობა ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.