გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის  შეკრება დასრულდა. პარტიების ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება და კვირას აქცია ბათუმში გაიმართება.

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ თემას, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან ხვალ დაგეგმილ მოლაპარაკებათა ე.წ. მეოთხე რაუნდის შესახებ ისაუბრეს.

ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე მათ თავიანთი ინიციატივა უკვე წარმოადგინეს და ახლა შეთავაზებას უმრავლესობისგან ელოდებიან.

„ან „ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ. ან იქნებიან ადეკვატურები ან არაადეკვატურები. მე იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იოტისოდენად გაიღვიძებს მათი ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის კომპონენტი“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემაზე ხვალინდელი შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავრეთ „ქართული ოცნება”, რადგან საქართველოს დღეს ყოველდღიურად რაღაც კატასტროფა სჭირს. ამ უბედურების ერთადერთი წარმომავლობა არის „ქართული ოცნება“.  ეს უბედურება თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ქვეყანაში რაც ხდება, უფრო და უფრო მეტი იქნება. ამ უბედურებას აქვს ერთი სახელი – „ქართული ოცნება“ და უნდა დავამთავროთ. რა იქნება, ამას ნახავენ თვითონაც და ნახავს საქართველოს თითოეული მოქალაქე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.