გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელია და დღეს აქციაზე მისვლით იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელია და დღეს აქციაზე მისვლით იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია

„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია.

ვაშაძის თქმით, მას აქვს „პისიარ“ ტესტის პასუხი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსზე უარყოფითია.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვაა დაწესებული.

„ზუსტად ასეთი ერთ-ერთი უაზრო შეზღუდვის გამო, მე ახლა უნდა ვიჯდე სახლში. ვიყავი უცხოეთში – ამერიკაში, სადაც როდესაც „პისიარ“ ტესტი წარვადგინე, გადაადგილების პრობლემა არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და გამომიწერეს 12-დღიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი, რომ ტესტი გავიკეთე, ჯანმრთელი ვარ, მეორედაც ვუთხარი, რომ კიდევ გავიკეთებ, შვიდჯერ გავიკეთებ, ოღონდ გამომიშვით გარეთ. ამბობენ – არა, უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. აგერ, ხელში მიჭირავს ბოლო ტესტის პასუხი, რომელიც დღეს მომივიდა, მთავარია, რომ მე დემონსტრაციულად ვარღვევ აი ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია.

ხალხს კლავენ შიმშილოთ, ეკონომიკა მოკლეს, ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არავინ ამბობს, რომ ტოტალურად გავხსნათ ყველაფერი, ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაითვალისწინოს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რა ულტიმატუმიც დააყენეს აქციის მონაწილეებმა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამიერიდან პროტესტი, არ უნდა დავემორჩილოთ, სხვა გზა არ არის. ჯერ კიდევ აპრილში ჩვენ რომ არ დავმორჩილებოდით იმ უაზრო შეზღუდვებს, რაც დაგვიწესეს, ამ დღეში არ ვიქნებოდით. აგერ მე პერსონალურად, სიმბოლურად, თუ დემონსტრაციულად, ბატონო გახარია, ვარღვევ თქვენ მიერ დაწესებულ წესს, არ ვარ სახლში, ვარ გარეთ, ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ და ახლა მითხარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში.

ამ სახლში ჯდომამ თავისი პრობლემები გამოიწვია საზოგადოებაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმ უწესო წესის, რომელიც მათ დაამკვიდრეს, უნდა დავიწყოთ ამ უკანონო წესების კატეგორიული წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ არა ასეთი ტოტალური ამოქოლვა და ხალხის შიმშილისთვის გაწირვა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.