გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლებიდან და სამოქალაქო რეესტრის სისტემიდან 80-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლებიდან და სამოქალაქო რეესტრის სისტემიდან 80-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლებიდან და სამოქალაქო რეესტრის სისტემიდან 80-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას გათავისუფლებული ადამიანების ადგილზე პოლიტიკური აქტივის დასაქმება სურს, რომელსაც შემდეგ არჩევნებისთვის გამოიყენებს.

„სამსახურიდან 80-მდე ადამიანი დაითხოვეს და 50-მდე პირი დააქვეითეს. ეს არის საგანგაშო გადწყვეტილება. ესენი არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობამაც ჩაიბარა გაუბედურებული საპასპორტო სისტემა. ხომ გახსოვთ საპასპორტო მაგიდები თავისი კორუფციით, თავისი უბედურებით. ამ ხალხს ღამეები არ ეძინა, რომ მოქალაქეს ნორმალური სერვისი მიეღო. ეს ადამიანები გაყარეს ქუჩაში ისე, თითქოს არაფერი გაუკეთებიათ. ამ ადამიანებმა გაატარეს „აიდი“ ბარათების რეფორმები. ამ ადამიანებმა გამოცვალეს საბჭოთა პასპორტები, რომლებიც 2005 წელს 60 პროცენტზე მეტს ჰქონდა. ამ ადამიანებმა დაგვავიწყეს, მკვდარი სულები რომ იყო ყოველთვის საარჩევნო სიებში. ეს არის უსამართლო და ოქტომბერში აუცილებლად დაუბრუნდებიან საჯარო სამსახურს. მივმართავ წულუკიანს, თქვენ გინდათ, რომ თქვენი პარტაქტივი დაასაქმოთ ამ ადგილებზე, თქვენი ნათესავ-მეგობრები, რომ არჩევნებისთვის რამენაირად გამოიყენოთ. ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და უარესს ნუ დააპირებთ და ამ სისტემაში, რომელშიც არც ერთი დოკუმენტი არ გაყალბებულა. არ შეეცადოთ პირადობის მოწმობების გაყალბებას, რადგან ეს საქართველოს უვიზო მიმოსვლის ფასად შეიძლება დაუჯდეს ევროკავშირთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.