გიორგი ვაშაძე - აბსოლუტურად რეალურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი
გიორგი ვაშაძე - აბსოლუტურად რეალურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი

აბსოლუტურად რეალურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ძირითადი ოპოზიციური პარტიები „ქართულ ქარტიაზე“ ხელს აწერენ.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ამ დოკუმენტს. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ერთიანობისკენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კიდევ უფრო სიღრმისეული მსჯელობა გვექნება დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა დოკუმენტმა საბოლოო ფორმა მიიღოს. ვფიქრობ, ძირითადი ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, ყველა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

დღეის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩამოსულია 14-15 პროცენტზე. აბსოლუტურად რეალურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი, რათა ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ და საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამის ყველა შანსი, შესაძლებლობა არსებობს. აქ არ არის საუბარი უბრალო უმრავლესობის მოპოვებაზე, დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 14-15-პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ხალხის მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება იყოს ოპოზიციის მხარეს, რაც აუცილებელია, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.