გიორგი ტყემალაძე - ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თუ თანაგუნდელი
გიორგი ტყემალაძე - ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თუ თანაგუნდელი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის საკრებულოს წევრის, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის დაკავებაზე განცხადება გააკეთა.

„თქვენ იცით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. როგორც უწყებაში განაცხადეს, საუბარი ეხება ქრთამის აღების ფაქტს, შეწყალების კომისიის მეშვეობით, პატიმრის შეწყალების სანაცვლოდ. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცალსახად არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი ფაქტი და რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თანაგუნდელი, თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. მეტიც, კიდევ უფრო მკაცრი იქნება მიდგომები სწორედ ჩვენი იმ თანაგუნდელების მიმართ, ვინც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენს საქმიანობას.

დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს, მისი სტატუსის, თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე დღეს თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავა.