გიორგი ტატუნაშვილი - დამიბრუნონ ჩემი შვილი, თუ არადა, შედეგებზე პასუხს ვეღარ ვაგებ, ახალგაზრდობას ვერ ვიჭერ
გიორგი ტატუნაშვილი - დამიბრუნონ ჩემი შვილი, თუ არადა, შედეგებზე პასუხს ვეღარ ვაგებ, ახალგაზრდობას ვერ ვიჭერ

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მისი შვილის ცხედრის გადმოსვენება დროულად არ მოხდება, სოფლის მცხოვრებლები რუსეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას აპირებენ.

გიორგი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ ცხედარს მალავენ იმის გამო, რომ მისი შვილი ცემით არის მოკლული.

„ვეღარ ვაჩერებ მოსახლეობას, ახალგაზრდობას ვეღარ ვაჩერებ, მასიურად გადიან ახლომახლო სოფლებიდან და გადაკეტავენ რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზას. არ გაუშვებენ რუსეთის არცერთ მანქანას და მეშინია, რაღაც უბედურება არ მოხდეს. თუკი არ უშვებენ სამხარაულის ექსპერტებს, ხომ შეიძლება შეუშვან გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

ბოლო პასუხი ასეთი იყო – ჩვენ რუსეთის დასკვნას ველოდებითო, არ გვაქვს სათანადო მოწყობილობა, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთო და ცხედარს ვერ გაგატანთ, ვიდრე რუსეთიდან არ მოვაო.

როდის მოვა რუსეთიდან დასკვნა? როდემდე ველოდო ჩემს მიცვალებულს? ცხედარს მალავენ, იმიტომ რომ სასტიკად არის ის ნაწამები, ნაცემი და ცემაში მოკლულია, ალბათ.

არ ვიცი ვის შეუძლია მოითხოვოს, რომ გაეროს ექსპერტიზა მაინც შეუშვან. ჩემი შვილი დამიბრუნონ და თვითონ დასკვნა არ მაინტერესებს. ჩემი მკვდარი შვილი მინდა ვნახო, მეტი არაფერი მაინტერესებს.

რა დასკვნა მინდა, ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლეს. აღარ მინდა აღარც სამხარაულის დასკვნა და აღარც არაფერი. დამიბრუნონ ჩემი შვილი, თუ არადა შედეგებზე პასუხს ვეღარ ვაგებ უკვე, ვეღარ ვიჭერ ახალგაზრდობას”,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა  – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში გადმოსცემენ.