გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ უკვე იმ ეტაპზე მივიდა, გადაწყვიტა, საკუთარი ლეგიტიმაცია კონსტიტუციური წესრიგის აღიარებასთან გააიგივოს
დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარების საკითხი არის ფუნდამენტური უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული, ჯდება ყველანაირად აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკუთარი ლეგიტიმაცია კონსტიტუციური წესრიგის აღიარებასთან გააიგივოს.
„„ქართული ოცნება“ უკვე იმ ეტაპზე მივიდა, გადაწყვიტა, თავისი ლეგიტიმაცია კონსტიტუციური წესრიგის აღიარებასთან გააიგივოს. დემოკრატიულ სამყაროში, რა თქმა უნდა, როგორც არჩევნებთან დაკავშირებული შეკითხვები, ასევე ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება არის ფუნდამენტური უფლებები, კონსტიტუციით გარანტირებული, ჯდება ყველანაირად აზრის გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებაში. ეს არის როგორც პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, ასევე თითოეული ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ანგარიშებში წერდნენ, რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილია, ამას „ქართული ოცნება“ უარყოფდა. ახალა ჯერ მოვისმინეთ, რომ თურმე ლეგიტიმაცია აწუხებთ და იმიტომ სჭირდებათ ეს ყველაფერი. ახლა გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივადაც განამტკიცონ არალეგიტიმური პარლამენტის მეშვეობით“, – განაცხადა სიორიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ქართული ოცნების“ არგუმენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურ არაღიარებასთან დაკავშირებული ცვლილებები გერმანულ კანონმდებლობას დაეფუძნება, სიორიძემ აღნიშნა, რომ ეს არის სიცრუეა და პოპულიზმი.
„ეს თავიდან ბოლომდე არის მტკნარი სიცრუე. როგორც „ფარას“ გადმოტანა საქართველოში იყო უბრალოდ ძალიან დიდი პოპულიზმი, ასევე არის ამ ცვლილებასთან მიმართებით. გერმანიაში არის უმკაცრესი კრიტერიუმები პარტიების აკრძალვისაც, კონსტიტუციური წესრიგი და დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ წასვლა საერთოდ არ გულისხმობსб რა შეხედულება აქვს პირს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე. „ქართულ ოცნებას“ ამის გამოყენება უნდა, ისევე როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, რომლის იდეოლოგიური მემკვიდრეები არიან „ქართული ოცნების“ წევრები“, – აღნიშნა სიორიძემ.