გიორგი სიორიძე – ერთ ცნობილ კითხვას დავუტოვებდი სასამართლოს, „ქართულ ოცნებას“ თუ დავტოვებთ სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების და საერთოდ ამ ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე, ვინ უდარაჯებს დარაჯებს?

13:12, 30.10.2026

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, თავად უგულებელყოფდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, არღვევდა ადამიანის უფლებებს, — ამის შესახებ „ლელო — ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ სარჩელი მთლიანად არ დააკმაყოფილონ.

„სარჩელი არის დაუსაბუთებელი, არ ავლენს არც საკმარის მტკიცებულებებს, არც სტანდარტებთან შესაბამისობას და ვერც სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობას, რათა რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად იქნეს გამოცხადებული. მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს ეს სარჩელი მთლიანად. გაივლის დრო და როდესაც სადმე, სხვა ქვეყანაში შესაბამისი სასამართლო იმსჯელებს რომელიმე პარტიის აკრძალვაზე, ამ პროცესსაც გაიხსენებენ, ამ საქმიდან ციტირებას მოახდენენ, სქოლიოებში მოიყვანენ; ისაუბრებენ ამ საქმეზე, როგორც უპრეცედენტო შემთხვევაზე, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ასე ერთი ხელის მოსმით მთელი ოპოზიციური სპექტრის გაქრობა სცადა.

ჩემი გულწრფელი სურვილია, ყველა ხსენებულ სამომავლო შემთხვევაში ეს იყოს სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, როგორ არ შეიძლება, პარტიების აკრძალვის მექანიზმი ბოროტად გამოიყენებოდეს. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, თავად უგულებელყოფდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, არღვევდა ადამიანის უფლებებს. ერთ ცნობილ კითხვას დავუტოვებდი სასამართლოს, ამ ძალას თუ დავტოვებთ ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების და საერთოდ ამ ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე, ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ — განაცხადა სიორიძემ.

მსგავსი