გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი 2024-25 წლების სეზონშიც ესპანურ „ტენერიფეში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ოფიციალურ საიტზე ასევე ვკითხულობთ:
„შერმადინს დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში. გასულ სეზონში ის ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 17.7 ჰქონდა.
გიორგი „ტენერიფეს“ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში.
ის ორჯერ დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (2020/21 და 2022/23), ყველაზე მეტჯერ გახდა თვის საუკეთესო (13) და კვირის საუკეთესო კალათბურთელი (22).
მას შემდეგ, რაც „ტენერიფეში“ ჩაირიცხა, შერმადინმა ყველა ტურნირზე, ჯამში, 258 ოფიციალური მატჩი გამართა: 163 – ესპანეთის ჩემპიონატში, 9 – ესპანეთის თასზე, 2 – ესპანეთის სუპერთასზე, 79 – ჩემპიონთა ლიგაზე და 4 – საკონტინენტთაშორისო თასზე“.