გიორგი შერმადინის ორმაგი რევანში - 19 ქულა და გამარჯვება „უნიკახასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
01:53, 24.09.2021
216 სმ სიმაღლის ქართველი კალათბურთელის გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მისივე ყოფილ კლუბ „უნიკახას“ უმასპინძლა და 87:82 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ შერმადინი „უნიკახადან“ „ტენერიფეში“ ორი წლის წინ გადავიდა – მალაგელები მას ისე ვერ იყენებდნენ, როგორც იმსახურებდა. ტენერიფელთა შემადგენლობაში კი ბოლომდე გაიხსნა და გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.
გეტყვით იმასაც, რომ „უნიკახას“ ბერძენი ფოტის კაცაკარისი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ თამაშობდა. მწვრთნელი არც ქართველს ენდობოდა და არც სხვა კარგ კალათბურთელებს – თამაშს იოანის ბურუსისზე აწყობდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და კაცაკარისი „გრან კანარიადან“ გაუშვეს.
ასე და ამგვარად, შერმადინმა „უნიკახაც“ დაამარცხა, კაცაკარისიც და ორმაგი რევანში აიღო. როგორც სხვა მატჩებში, გიორგი „ტენერიფეს“ ლიდერი იყო:
29 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. თამაშის მსვლელობისას არაერთხელ გაიტანა კარგი პასი პერიმეტრზე, თუმცა თანაგუნდელებმა არ გაუმართლეს და გადაცემების გრაფაშიც ნულიანი დაუფიქსირდა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით თანაგუნდელთა შორის მეორე იყო – 22. 36 მქკ ჰქონდა ბრუნო ფიტიპალდოს, რომელმაც 31 ქულას მოუყარა თავი.
ორი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 25 სექტემბერს. ისევ შინ, კანარის კუნძულებზე „ბილბაოსთან“ გამართავს.
კანარებს ეკუთვნის ლამაზი კუნძული პალმა, რომელზეც ვულკანმა იფეთქა და მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. სწორედ პალმელთა მხარდასაჭერად „უნიკახასთან“ მატჩის წინ შერმადინის თანაგუნდელებმა დიდი პლაკატი გამოიტანეს.