გიორგი შერმადინის ასპროცენტიანი სიზუსტე - „ტენერიფე“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 99:102 დამარცხდა.
ანგარიშის მიხედვით სხვაობა თითქმის თანაბარია, თუმცა ვალენსიელებს მეოთხე პერიოდში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ისინი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 95:81-ს იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში „ტენერიფემ“ სხვაობის სამ ქულამდე შემცირება მოახერხა და გასამარჯვებლად დრო აღარ ეყო.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში უშეცდომოდ ისროლა: 4-დან 4 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო. მის ანგარიშზე 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია. „ტენერიფეში“ ყველაზე მეტი, 22 ქულა ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო, ხოლო „ვალენსიაში“ ხეან მონტერო გამოირჩა – 24 ქულა.
შერმადინის გუნდს 33 ტურში 25 მოგება აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. ერთით ნაკლები მოგებით მესამეა „ვალენსია“.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 30 მაისს სტუმრად „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს.
33-ე ტურში მურსიაში დამარცხდა ბექა ბურჯანაძის „კორუნია“ – 93:105.
ბექამ 27 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
კორუნიელები მომდევნო სეზონში ქვედა, ოქროს ლიგაში ითამაშებენ.