გიორგი შერმადინის 18 ქულით „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საპლეიოფო მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც ორი მატჩისგან შედგება. გუნდები საკუთარ მოედანზე თითო შეხვედრას ატარებენ და ჯამში რომელსაც მეტი ქულა მოუგროვდება, შემდეგ ეტაპზე, ანუ ოთხთა ფინალშიც ის გავა.
მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული „თოფაში“ 83:78 დაამარცხა. ეს ნიშნავს, რომ თუ ტენერიფელებმა საპასუხო მატჩი თურქეთში 7 ქულით არ წააგეს, ოთხთა ფინალში გავლენ.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში კი გაათანაბრა (70:70), მაგრამ დარჩენილ დროში მეტი ვერ შეძლო. „ტენერიფემ“ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა, რაშიც დიდი წვლილი მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს მიუძღვით. ბრაზილიელმა 30 ქულა (11/18 თამაშიდან) და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი, რომელმაც სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 22:21 წუთი გაატარა, თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. „ტენერიფეს“ 35 წლის ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი უშეცდომო იყო – 10-დან 10.
სერიის საპასუხო მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება.