გიორგი შერმადინი - გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მედლისთვის შეუძლია ბრძოლა #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მედლისთვის შეუძლია ბრძოლა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა და გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გიორგი შერმადინმა განაცხადა, რომ საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან წააგო.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩით მეტოქეს. მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა გვქონდა. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მედლისთვის შეუძლია ბრძოლა.

კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი, ჩვენი მოწინააღმდეგე ავსტრალიის ნაკრები იქნება და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსოფლიო პირველობაზე თამაში განსხვავებული გამოცდილებაა. აქ პირველად ვართ, გავიარეთ პირველი ჯგუფური ეტაპი, რაც უმთავრესი მიზანი იყო და ბედნიერები ვართ.

საქართველოს ნაკრების აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. მთელი საქართველო გვიყურებს და მხარს გვიჭერს“, – განაცხადა გიორგი შერმადინმა.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრა 3 სექტემბერს, 11:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.