გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა. მან ეს ტიტული 21-ედ მოიპოვა, რითიც კიდევ უფრო გააუმჯობესა წინა ტურში დამყარებული რეკორდი. შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესაში ისტორიის მანძილზე ტურის MVP-დ 19-19-ჯერ არიან დასახელებული არვიდას საბონისი და ლუ რო. მათი შედეგი ქართველმა ცენტრმა წინა ტურში გააუმჯობესა. 

ბოლო ტურში კი „გრან კანარიასთან“ 93:92 მოგებულ მატჩში შერმადინმა 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან ერთი ბურთიც არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა 42:36 ანგარიშზე თამაში მცირე ხნით შეწყდა. გუნდის 42-ე ქულა ქართველი ცენტრის ანგარიშზე ჩაიწერა, შედეგიანი გადაცემა კი „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა უკანახაზელმა, მარსელინიო ჰუერტასმა შეასრულა. ეს პასი ესპანური ლიგისთვის სარეკორდო – 2898-ე გამოდგა. მარსელიონიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.