გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი. მისი „ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მალაგელები იყვნენ წინ, საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე შერმადინის თანაგუნდელებმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს – 75:78. თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე „უნიკახას“ კალათბურთელებმა გამოიჩინეს, 80:75 გაიმარჯვეს და ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. შერმადინის ანგარიშზე 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო იყო.
„უნიკახას“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა. მალაგელებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს. გამოცდილმა ნიჰად დედოვიჩმა 5-დან 4 სამიანი გამოიყენა.