გიორგი შერმადინი 22 ქულით შეხვედრაში საუკეთესო იყო - „ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:83 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. საფინალო სირენამდე 31 წამით ადრე „ტენერიფე“ ერთი ქულით წინ იყო, თუმცა „ბარსელონას“ კალათბურთელმა, კალინიჩმა საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 80:80. თამაშის დასრულებამდე 14 წამი რჩებოდა, როდესაც სტუმრებმა ბოლო შეტევა წამოიწყეს, სამქულიანი ჯაბარი პარკერმა ისროლა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი. მან მოედანზე 28:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ამ მომენტისთვის „ტენერიფეს“ 9 გამარჯვება და 9 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი შერმადინის გუნდი პლეიოფის ზონაში, მე-8 ადგილზეა.