გიორგი შარაშიძე – სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის
მიხეილ სააკაშვილს სტატუსების განთავსება შეზღუდული არ აქვს და კითხვები ჩნდება, რატომ აქვს ექსკლუზიური უფლება მიმდინარე საქმესთან სრულიად დაუკავშირებელ საკითხებზე ისაუბროს და ადამიანებს მიმართოს, როდესაც ამის საშუალება სხვა არცერთ პატიმარს არ აქვს, ეს არის მთავარი კითხვა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის.
„სააკაშვილი უკვე გასულია გონივრულობიდან და ადეკვატურობიდან. რთულია მის ყოველ განცხადებაზე კომენტარების კეთება. „ოცნებას“ უნდა, რომ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარები აკეთოს, რადგან ეს აწყობს. ის ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან, მათ შორის ვიდეომიმართვით ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი დღეს პირდაპირი ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება. მისი ყოველი განცხადება ამის დასტურია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ისკანდერები“ 2008-ში რუსეთს არ ჰქონდა, 2013-ში გაუჩნდათ“.